მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

ფლორა და ფაუნა

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ქუთაისის მედამოები მეტწილად ხშირ ტყეებს ეკავა, მხოლოდ თითოეული დასახლებული პუნქტის ირგვლივ შეხვდებოდით შედარებით მცირე ფართობებზე სახნავ–სათესად გამოყენებულ მიწებს. ქუთაისი და მისი ახლომდებარე სოფლები ხეხილისა და დეკორაციული მცენარეულობის მწვანე სამოსელში იყო გახვეული. ვახუშტი ბაგრატიონი საგანგებოდ აღნიშნავს იმერეთის შესახებ: "... და არს ქვეყანა ესე ფრიად ტყიანი, რამეთუ იშვიათ არს ველნი, თუ არ ადგილ–ადგილ მცირენი, თვინიერ სახვნელთაგან. არამედ ტყენი ადგილ–ადგილ ხილიან–ვენახიანი... უკეთუ დახედო მაღლის მთიდამ, იხილავ სრულიადს იმერეთს ტყედ და არსად შენობასა". (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 145) XVIII ს–ის იმერეთი ძალზე სუსტად დასახლებულ მხარეს წარმოადგენდა. მცირე სოფლები, გაფანტული კარმიდამოებით და ხეხილიან ეზოებში ჩადგმული პატარა ქოხებით, მართლაც არ გამოჩნდებოდა ხშირ ტყეებს შორის. ქუთაისის მიდამოებში იმდენდ კარგი ტყეები არსებობდა, რომ აქ მზადდებოდა სამასალე მერქანი. ასეტი მასალის სიუხვემ და სიიაფემ მნიშვნელოვანწილად განაპირობა რეფომამდელი პერიოდის ქალაქში თითქმის მთლიანად ხის სახლების მშენებლობა. უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ქუთაისის მიდამოებში ტყეები ძალზე გაიჩეხა, ამჟამად ქალაქის მიმდებარე ვაკე–დაბლობი და გორაკ–ბორცვიანი ზონის მეყი ნაწილი თითქმის სრულიად უტყეოა და ძირითადად დამუშავებულ მიწებს უჭირავს. მიუხედავად ამისა, თვით ქუთაისის ტერიტორიაზე და მის უშვალო მისადგომებზე ახლაც არსებობს აქა–იქ შემორჩენილი ტყეები, რომლებიც დიდ სილამაზეს აძლევენ ქალაქის მიდამოებს და დადებით გავლენას ახდენენ მის მიკროკლიმატზე. პირველ რიგში ახსანიშნავია თვით ქალაქის ფარგლებში შემავალი მ უხნარი (საღორიას ტყე). იგი მდებარეობს ქუთაისის მარცხენამხარეთის სამხრეთ განაპირა უბანში და უკავია იმავე სახელწოდების ტერასა– ქალაქისნგანაშენიანებ
ულ უბნებსა და რიონის რკინიგზის სადგურს შორის. ეს ტყე მთლიანად მუხნარს წარმოადგენს; სამწუხაროდ, ხეების დიდი ნაწილი უკვე გადაბერებ ულია და ზოგიერთი მათგანი ხმება კიდეც. მისი საერთო ფართობი 480 ჰექტარს უდრის და ქალაქის მთელი მიწების 6,2% შეადგენს. ქუთაისის მიდამოების სამხრეთ–აღმოსავლეთ საზღვარზე გაშლილია კოლხეთის ტყეების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მასივი– აჯამეთის ტყე; მისი საერთო ფართობი 3400 ჰექტარს აღემატება. აქ გვხვდება ძირითადად იმერული და ქართული მუხა, შიგადაშიგ კი გავრცელებულია ზოგიერთი სხვა ჯიშის ხეებიც. აჯამეთის ტყე გამოცხადებულია ნაკრძალად და დაცულია სახელმწიფოს მიერ. ქალაქის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთი ადრე არსებული დაბურული ტყეების გაჩეხვის შედეგად ალაგ–ალაგ წარმოქმნილია მეორადი ტყეები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ ვრცელ მასივებს მოიცავენ. ასეთი ტყის მასივი ქუთაისს ეკვრის აღმოსავლეთიდან. მას უჭირავს წყალწითელას მარცხნივ მდებარე გორაკ–ბორცვები სოფელ გოდოგნის მიდამოებში. აქ მეტწილად ვხვდებით მუხას, რცხილას, აკაციას და რიგი სხვა ჯიშის ხეებს. ამავე ფართობზე, წყალწითელას სანაპიროს მახლობლად, რამდენიმე ათეული წლის წინათ გაშენდა კორპის მუხის ტყე, რომლის საერთო ფართობი 70 ჰექტარს შეადგენს. ასეთივე კორპის მუხის ტყე მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ–დასავლეთ საზღვარზე, სოფელ ბანოჯას ტერიტორიაზე. იმავე მიმართულებით ცოტა უფრო დაცილებით – ქალაქის მიდამოებში მდებარეობს სათაფლიას ტყის საკმაოდ ვრცელი მასივი. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აქ მშვენიერი ტყე არსებობდა, მაგრამ უწესრიგო ექსპლოატაციის შედეგად ისინი თითქმის მთლიანად განადგურდნენ და მხოლოდ 1934 წლიდან, როცა სათაფლია ნაკრძალად გამოცხადდა, ეს ხრიოკი ადგილები კვლავ შეიმოსა ახალგაზრდა ტყით. გარდა ნაირსახოვანი ფოთლოვანი ხის ჯიშებისა, სათაფლიაში ალაგ–ალაგ გავრცელებულია ბზა, რომლის მოზრდილი ხეები დიდ სილამაზეს აძლევს ნაკრძალს. ბევრად უფრო ვრცელი ტყეები გვხვდება ქუთაისის ჩრდილოეთით; როგორც სამგურალის მთის კალთები, ისე ოკრიბას დაბალმთიანეთის ჩრდილოეთი ნაწილი მეტწილად ტყეებითაა დაფარული. აქ გვხვდება უმთავრესად ფოთლოვანი ხეები: წიფელი, რცხილა, წაბლი, მუხა, ნეკერჩხალი, ხოლო მთის უფრო მაღალ კალთებზე წიწვიანი ჯიშებიც. ტყის ნაპირებზე ფართო გავცელება აქვს იელის და გვიმრის ხშირ ნაზარდაბს. შერეულ ფოთლოვან ტყეებში ბევრია აგრეთვე გარეული ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი და ნაყოფის მომცემი სხვა ხეები. (Е. Сохадзе, Основние черты растительного покрова Верхней Имерети, с. 140) თვით ქალაქში გვხვდება მეტად ძვირფასი მერქნის მქონე ხე – ძელქვა; წინათ იგი ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად კი შემორჩენილია ამ ვეებერთელა ლამაზი ხის მხოლოდ ცალკეული ეგზემპარები. ასევე დიდი ხნიდაა ქალაქში ცნობილი ჭადარი, რომელიც ამჟამად ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ხის ჯიშია ქუთაისში. ჭადრის ლამაზკროიან ხეებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ქალაქის ბაღებსა და ქუჩებში. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე იფანი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, აკაცია, აგრეთვე კვიპაროსი, და მაგნოლია. ქუთაისის დეკორაციული მცენარეულობიდან აღსანიშნავია მრავალფეროვანი ყვავილნარები, რომლის გაშენებას ფართოდ მისდევს ქალაქის მოსახლეობა. ბევრი საცხოვრებელი სახლის ეზოს, საზოგადოებრივ ბაღს, თუ სკვერს ამშვენებს ათასფრად აჭრელებული ყვავილების ნარგავები, რომლებშიაც ჭარბობს ვარდი და იასამანი, მიხაკი და გეორგინი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ყვავილი. კულტურული ხე–მცენარეულობიდან როგორც ქალაქში, ისე მის მიდამოებში ფართო გავრცელება აქვს მრავალფეროვან ხეხილს; მათ შორის აღსანიშნავია ვაშლი და მსხალი, ატამი და ლეღვი, ტყემალი და ქლიავი, ბალი და ალუბალი, ხურმა და ბროწეული, თხილი და კაკალი, კომში და თუთა, აგრეთვე სხვა სახის ხეხილი. ბროწეულის ბუჩქებს ბევრგან შეხვდებით გზების გასწვრივ და ეზოების ირგვლივ, სადაც იგი ზოგჯერ ცოცხალი ღობის დანიშნულებას ასრულებს. ერთწლიანი კულტურული მცენარეულობიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია სიმინდი, რომლის ნათესებსაც უჭირავთ სახნავი მიწების ძირითადი მასივები. უმნიშვნელო რაოდენობით ითესება თავთავიანი კულტურები. ფართო გავრცელება აქვთ ბოსტნეულ–ბაღჩეულსა და საკვებ კულტურებს. ფართოდაა გავრცელებული ქუთაისის მიდამოებში სხვადასხვა სახის ისეთი ბალახმცენარეულობა, რომელსაც მოსახლეობა სურსათად – ფხალის ან მწნილის დასამზადებლად იყენებს. ქალაქის მახლობელ ადგილებში სათიბ–საძოვრებს არ უკავიათ ვრცელი ფართობები, მაგრამ ამ სახის სავარგულები მაინც გვხვდება პატარა ნაკვეთების სახით, უმთავრესად მდინარეთა ნაპირებზე, ტყისპირებში და მთის ფერდობებზე. ბუნებრივი სათიბ–საძოვრების ბალახმცენარეულობიდან აღსანიშნავია სამყურა, იონჯა, კიონდარი, ტიმოთელა, ვაციწვერა, მატიტელა, ხარისძირა, მწყერიფეხა, ურობალახი. ბევრგან შეხვდებით გვიმრასა და ანწლს.


იმის გამო, რომ ქუთაისის მიდამოები ათვისებულია ადამიანის მიერ და აქ შექმნილია დასახლებული პუნქტების მჭიდრო ქსელი, გარეული ცხოველები მეტად მცირე რაოდენობით შემორჩა ქალაქის ახლო მისადგომებზე, თუმცა წარსულში ეს არემარე ცნობილი იყო თავისი მდიდარი ფაუნით და საუკეთესო სანადირო ადგილად ითვლებოდა. ქუთაისის მიდამოებში მტაცებელი ცხოველებიდან ვხვდება მელა, ტურა, დედოფალა. კვერნების ოჯახიდან აღსანიშნავია კვერნა და მაჩვი. მღრღნელებიდან გავცელებულია მემინდვრია, თაგვი, კურდღელი, ციყვი, ძილგულა და ღნავი. ხელფრთიანებიდან - მცირე ცხვინალა, ულვაშა მღამილები და ღამურა. მწერიჭამიებიდან ბინადრობს ზღარბი, კოლხური თხუნელა, ჩვეულებრივი ბიგა, კავკასიური კბილთეთრა. ფრინველებიდან ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ტოროლა, ყვავი, ჭილყვავი, შოშია, კვირიონი, მეფეტვია, ბუ, კოდალა, ბეღურა, ღაჟო, კაჭკაჭი, ჩხიკვი, ოფოფი,შაშვი, მწყერი, ბულბული, ქორი, ძერა და სხვა. ადრე ქალაქის მოსაზღვრე ვაკე-დაბლობებში ფართოდ იყო გავრცელებული კოლხური ხოხობი, მაგრამ ტყეების გაჩეხვისა და უწესრიგო ნადირობის შედეგად აღარ გვხვდება. ქვეწარმავლებიდან -ხვლიკი, გველხოკერა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარა, ყვითელმუცელა, მცურავი გველი და სხვა. ბევრია აგრეთვე სხვადასხვა სახის კუ, ამფიბიათა ფაუნიდან აღსანიშნავია ჩვეულებრივი გომბეშო, მწვანე გომბეშო, წყლის და ტყის ბაყაყი,(ვასაკა), წყლებში გვხვდება სხვადასხვა სახის თევზები მრავალფეროვანია უხერხემალო ფაუნა, განსაკუთრებით მწერები: კალიები, კუტკალიები, ხოჭოები, ბუზები, პეპლები და სხვა. ქუთაისის მდებარეობამ კოლხეთის დაბლობის პერიფერიულ ნაწილში – ვაკის, გორაკ–ბორცვებისა და დაბალმთიანი ოკრიბას მიჯნაზე – განაპირობა ქალაქის მიდამოებში ლანდშაფტების მრავალფეროვნება. ქალაქისს მიდამოების სხვადასხვა მიმართულებით შესამჩნევ ცვლილებას განიცდის ბუნებრივი პირობები და ასევე ფლორაც და ფაუნაც. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი ერთგვარ კვანძს შეადგენს, რომელშიაც თავს იყრის ქალაქის მიდამოების ნაირსაახოვანი ლანდშაფტები. 1. არჩ. ჯანაშვილი, ზოოგეოგრაფია, გვ. 469-490. 2. დ. ხუცურიანი.კოლხური ხოხობის გეოგრაფიული გავრცელება. გვ. 273-283.