მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

რელიგია

იმერეთის სამეფოს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელშიც ხშირად "ჩრდილოსა და აფხაზეთის" ან "აფხაზ-იმერთა" ან კიდევ "პონტო ჩრდილოით აფხაზ-იმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად" იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI საუკუნის II ნახევარში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ - გელათში. აქ კათოლიკოსს ეჭირა წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც საკათალიკოსო ეკლესიად იყო ცნობილი. კათოლიკოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ როგორც იმერეთის სამეფოს, ისე დასავლეთ საქართველოს სამთავროების საეკლესიო მსახურნი. მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკური დაქსაქსულობისა, საეკლესიო სფეროში ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული იყო. იმერეთის სამეფოში 4 საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის. აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის მონასტრები და მრავალი სხვა ეკლესია-მონასტერი.