მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

კულტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია

– ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი;
– ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი;
– ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი;
– ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი;
– სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი;
– ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი;
– ხონის, საჩხერის, ვანის, ტყიბულის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ბაღდათის თეატრები;
– ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი;
– აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი;
– ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
– გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი;
– რევაზ ლაღიძის სახლ-მუზეუმი;
– უშანგი მხეიძის სახლ-მუზეუმი;
– დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი;
– ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
– სპორტული მუზეუმი;
და სხვ.