მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

კულტურის ძეგლები

არქიტექტურული ძეგლები
იმერეთი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობებით.
ყველა მუნიციპალიტეტში და რეგიონულ ცენტრ ქუთაისში ფართოდაა წარმოდგენილი ძეგლები, რომლებიც
ფაქტობრივად საქართველოს ისტორიულ წარსულს შეესაბამება და ამავდროულად თვითმყოფადობითაც
გამოირჩევიან. მათ შორის აღსანიშნავია ტაძრები, ეკლესია-მონასტრები (ბაგრატის ტაძრის ნანგრევები,
მოწამეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი), ციხეები (თამარის ციხის ნანგრევები), ხიდები. იმერეთში 250-ზე
მეტი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიანი ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ
წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათ
შორის აღსანიშნავია ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის ნაკრძალში აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევი.
საქართველოს სულიერ ცხოვრებაში იმერეთი ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა. X საუკუნეში
ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III, ხოლო XI ს-ის ბოლოს აქ
მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი. 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს
რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ გელათის მონასტერი (XII ს.)
ერთდროულად რელიგიურ და საგანმანათლებლო ცენტრად იქცა სრულიად საქართველოსათვის. 400 წლის
განმავლობაში გელათის აკადემია ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო ცენტრი იყო მთელს მსოფლიოში.
იმერეთის ორი ძეგლი: გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კუტურის საგანძურშია
შეტანილი.