მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

იმერეთის ტურისტული რესურსები

იმერეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მდიდარი ხალხური და განსაკუთრებით იმერული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები ქმნიან კარგ წინა პირობას რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიან ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

იმერეთში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმის სახეები, როგორიცაა სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი. რაფტინგი მდინარე რიონზე. ეკო ტურიზმი, რომელსაც იმერეთში განვითარების განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. იმერეთში ახალი შინაარსი შეიძინა აგროტურიზმმა, ამ ბიზნესით აქ 200-ზე მეტი სოფლის გლეხური მეურნეობა დაინტერესდა. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს საჩხერის ახალი სამონადირეო მეურნეობის სახით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ტრადიციების, ღვინისა და სამზარეულოს ტურიზმი. 

იმრეთის მთავარს ტურისტულ რესურსს მისი კურორტები და გამაჯასაღებელი ზონები წარმოადგენენ. რეგიონის ლამაზი ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველ ხდის დამსვენებელთათვის. დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭიათურის, ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. 

იმერეთის მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავთ. რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთა-გორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებლ ფაუნის წარმომადგენლებს. კავკასიურ დათვს, ტახს, ირემს, შველს, მელას, მგელს და ტურას, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ბუნება საინტერესოს ხდის მას მოგზაურისათვის. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურიის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს და უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნებიან ტერიტორიები სადაც დღეს ტყიბულის, შაორის და რიონჰესის წყალსაცავებია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად გვხვდება ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.