მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

მხარის ძირითადი გეოგრაფიული მახასიათებლები

საერთო ტერიტორია – 6515,8 კვ.კმ.;

მათ შორის სასოფლო – სამეურნეო სავარგულები – 209013 ჰა.;

სიმაღლე ზღვის დონიდან – 63 - 1045 მ.



ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. ქუთაისი (250.000)



მანძილი რეგიონის ცენტრიდან რესპუბლიკის დედაქალაქამდე – 221 კმ.-ია; უახლოეს სანავსადგურო ქალაქ ფოთამდე – 103 კმ.;



ადმინისტრაციული ერთეულების რიცხვი – 12; ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, ტყიბულის, ჭიათურის, წყალტუბოს რაიონები. აგრეთვე ქალაქი ქუთაისი, სადაც თავმოყრილია მრეწველობის, კულტურის, მეცნიერების მნიშვნელოვანი ობიექტები.



იმერეთის ბუნების სირთულე და ეგზოტიკა მისმა ორიგინალურმა გეორგაფიულმა მდებარეობამ განაპირობა (ფართობი 6,5 ათასი კვ.კმ.,). იმერეთი განფენილია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ვერტიკალურ ჭრილში (ზღვის დონიდან 20 მეტრის სიმაღლიდან 2850 მეტრის სიმაღლემდე) ყველა ლანდშაფტური სარტყელი გვხვდება – ნოტიო სუბტროპიკებიდან დაწყებული, ალპური მდელოებით დამთავრებული. ამ თვალსაზრისით იმერეთის მხარე თავისებურ ლანდშაფტურ კვანძს წარმოადგენს.



იმერეთს გააჩნია კარგად გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრები, რაც მის ფიზიკურ – გეოგრაფიულ განკერძოებულობას ანიჭებს და ბუნებათსარგებლობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ საინტერესო ერთეულად ხდის. იმერეთის ბუნებრივი საზღვრები ყოველი მხრიდან მკაფიოდ გამოხატულ მთებსა და ხეობებზე გადის. მაგ., ჩრდილოეთით რაჭის ქედს მიუყვება, აღმოსავლეთით – ლიხს, სამხრეთით – მესხეთს, დასავლეთით – მდ. ცხენისწყალს.



იმერეთი საქართველოს სხვა მხარეებს უკავშირდება მთელი რიგი უღელტეხილებით: რაჭას – ნაქერალას (1235მ.) და შქმერის; ქართლს – რიკოთისა (999 მ.) და სურამის (947 მ.); მესხეთს – ზეკარის (2178 მ.).



იმერეთის მხარე მდიდარია შიდა წყლებით. მთავარ ტრანზიტულ მდინარეებს მიეკუთვნება რიონი და ცხენისწყალი (რიონის სიგრძე იმერეთის ფარგლებში 95 კმ., ცხენისწყლისა კი 60 კმ.). რიონ – ცხენისწყალზე გაზაფხულ – ზაფხულში წყალდიდობაა, ზამთარში – წყალმცირობა, ხოლო წყალმოვარდნა შემოდგომაზე. მდინარე რიონს იმერეთში მრავალი შენაკადი გააჩნია, ისინი საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით.



იმერეთი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. იმერეთის ვაკე – დაბლობზე ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იმერეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში (სამტრედიის რ-ნი). ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივი და საკმაოდ ცხელი, წლიური საშუალო ტემპერატურა 14-14,5 С. ეს მაჩვენებლები იმერეთის მხარეში მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და მთიან ზოლში სიმაღლის ზრდასთან ერთად. იანვრის საშუალო ტემპერატურა იმერეთის ვაკე – დაბლობის ნაწილში 5,2 – 5,5 С, ივლისის 23,2 – 23,6 С. ნალექების მაქსიმუმი იმერეთში ძირითადად შემოდგომასა და ზამთარშია. მთისწინეთისა და დაბალმთიან ზონაშიც ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო და მაღალმთიან ზონაში დამახასიათებელია ნოტიო, ცივი, ხანგრძლივზამთარიანი და მოკლე, გრილზაფხულიანი კლიმატის ტიპი და ესეც დასავლეთ საქართველოს ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში შედის.



დღეისათვის იმერეთში ბინადრობს, როგორც ვაკე – დაბლობის, ისე მთისთვის დამახასიათებელი ცხოველები: დათვი, მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი. ბევრია მღრღნელები. რაჭის ქედის სამხრეთ და მესხეთის ქედის ჩრდილო კალთებზე გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფიცხვერი, გარეული კატა, წავი და სხვა. ფრინველებიდან აღსანიშნავია: ტყის ქათამი, ოფოფი, მწყერი, გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მოლაღური, კოდალა, ჩხართვი, ქორი, ჩხიკვი, მიმინო, ძერა და სხვა. მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, ქაშაყი, წვერა, ნაფოტა, ღორჯო და ა.შ.



ნიადაგის ძირითადი მახასიათებლები:



სუბტროპიკული ეწერი და ეწერ-ლებიანი ნიადაგების ორი ვრცელი მასივია წარმოდგენილი იმერეთში. დანარჩენი ნიადაგები ხელსაყრელია სუბტროპიკული კულტურებისათვის (ჩაი, დაფნა, ხურმა, ბროწეული და სხვა), ბაღ-ვენახების, სიმინდისა და პარკოსანი კულტურის დაბლობები, ანუ ისტორიული “ვაკე” (კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი), ზემო იმერეთის მაღლობი, გორმღლის, ოკრიბა – არგვეთისა და გაცამანიის ქედები, წყალტუბოს, შიდა ოკრიბისა და საჩხერეს ქვაბულები, ყვირილას, რიონის, ცხენისწყლის, სულორის, წყალწითელის, ლეხიდარის ხეობები და ა.შ.





სასარგებლო წიაღისეული, კარიერები, მაღაროები:



იმერეთის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასრგებლო წიაღისეულს. აღსანიშნავია მანგანუმის მადნისა და ქვანახშირის, მოსაპირკეთებელი მასალების(ტეშენიტი, კირქვები, მარმარილოსებრი კირქვები, ტუფი, ბაზალტი) სააგურე, კერამიკული და ცეცხლგამძლე თიხების, კალიუმის, ალუმინისა და ეკოლოგიურად სუფთა სასუქების მისაღებად ვარგისი გლაუკონიტის შემცველი ნედლეულის, გიშერის, მინერალური და თერმული წყლების საბადოები. მათგან საკმაოდ ცნობილია შემდეგი საბადოები:

· ჭიათურის მანგანუმის საბადო-მაღალი ხარისხის ჟანგეული და კარბონატული

მანგანუმის მადნებით. მარგანეცის შემცველობა 11-55%-მდე. დამტკიცებული მარაგი შეადგენს 195 მლ. ტონას. საბადოს ამუშავებს ს.ს “ჭიათურმანგანუმი”.

· ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოები-ძირითადად ენერგეტიკული ქვანახშირია, ნაცრიანობა 30-45%, საშუალო თბოუნარიანობა-5500კალორია. მარაგი300მილ. ტონა. ამუშავებს ს.ს “ტყიბულნახშირი.”

· მოსაპირკრთებელ მასალათა შორის ტეშენიტი საქართველოში ითვლება ძირითად ნედლეულად. იგი მაგმური წარმოშობის გაბროიდული ქანია. იმერეთის რეგიონში ტეშენიტის დაძიებული მარაგი 4,7 მილ. მ3-ია, პროგნოზული 7მლნ. მ3.

· კირქვა და მარმარილოსებური კირქვა-ერთ-ერთ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალათა დასამზადებლად. რეგიონში არსებობს კირქვისა და მარმარილოსებური კირქვის მრავალი დაძიებული საბადო და პერსპექტიული გამოვლინება, რომელთა საერთო მარაგი რამოდენიმე ათეული მილიონი კუბური მეტრია (ბაზალტი, ტუფი, დიურიტი, გრანიტი).

· გლაუკონიტი-შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც კალიუმისა და ალუმინის მისაღებად, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი სასუქების დასამზადებლად. გლაუკონიტიანი ქვიშაქვების მარაგი რეგიონში პრაქტიკულად ამოუწურავია. მათი უმრავლესობა კალიუმისა და ალუმინის ჟანგებს შეიცავს მეტი რაოდენობით ვიდრე აშ.შ.-ს “ნიუ-ჯერსის” საბადო.

· მინერალური და თერმული წყლები-რეგიონში არის ამ რესურსების რამდენიმე ცნობილი საბადო და გამოვლინებაა მათ შორის: საირმის, კვერეთის, სიმონეთის, ლეღვას, სულორის, ამაღლების, ზვარეს და წყლტუბოს მინერალური და თერმული წყლები.