მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

არქიტექტურული ძეგლები, მონასტრები, ციხეები, არქეოლოგიური ნამოსახლარები

არქიტექორული ძეგლების საერთო რაოდენობა 130

აქედან: ა) ეკლესია-მონასტრები 78

ბ) ციხეები 13

გ) არქეოლოგიური ძეგლები 39



ბაგრატის ტაძარი



ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის) ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1003 წ. ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოო დამკვიდრებულ ნაწარმოებს. ხელოვნების თვალსაზრისით უნაკლო ბაგრატის ტაძარი საეკლესიო სიწმინდეებითა და ნივთსამკაულითაც გამორჩეული იყო. აქ ინახებოდა მაცხოვრის სამსჭვალი და მოციქული თომას ნაწილები, პალიასტომის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები. ბაგრატის ტაძარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იყო ოდითგან მიჩნეული. 1994 წელს შეიქმნა ბაგრატის ტაძრის კომპლექსის აღორძინების ფონდი, რომლის საპატიო პრეზიდენტია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ილია II. 1995 წ. ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკომ აღრიცხვაზე აიყვანა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური.



გელათი




ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი. მონასტერი წარმოადგენსხუროთმოძღვრულ ანსამბლს: მთავრი ტაძარი, რომელიც სამი წახნაგოვანი აბსიდით მნახველისკენაა მიმართული, მისგან აღმოსავლეთით შედარებით მცირე მოცულობის წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესიაა. ხოლო დასავლეთით - წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა - თაღოვანი გასასვლელით ქვემო სართულზე. ოდნავ მოშორებით, წყაროს თავზე, აღამრთულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძარისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა.



გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა.მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა.



ამჟამდ გელათის მონასტერი დაცულია სახელმწიფოს მიერ და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წამროადგენს.





ღვ თისმშობლის მთავარი ტაძარი. გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვრული გაფორმებით და მნიშვნელობით გამოირჩევა ღვთისმშობლის ტაძარი (სიგრძე 29,20 მ, სიგანე 20,20 მ, სიმაღლე, უგუმბათოდ 20 მ, გუმბათით-36,39 მ.) ტაძრის აგება დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ მონასტრის დაარსებისთანავე და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.



შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ ადგილობრივი კირქვა. კედლებისათვის-რიყის ქვა და დუღაბი, შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ ლამაზად დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა.



ტაძრის ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავრი ტაძარი დეკორის თვალსაზრისით, გარედან დასრულებული არ არის. საკურთხევლის შუა სარკმლის მინიატურული ნახევარსვეტებისა და დისკოს დახვეწილი ჩუქურთმები, ასევე სამხრეთ ფასადის სარკმლის გადაწყვეტა მოწმობს, რომ ტაძარი დეკორატიული ჩუქურთმებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ეპოქის შესაფერისად.

ტაძრის თანადროული სამხრეთის მინაშენი, რომელსაც აფსიდა ტაძრის მსგავსად აქვს გამოშვერილი, ასევე შემკულია კედლის კამარნებით.



ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია; გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, ფართო თაღებით რომ უერთდება ტაძრის დასავლეთის კედელს. ნათრექსის ზემოთ ქანდარაა. ქანდარაზე ასასვლელი კიბეები მოთავსებულია ტაძრის გვერდით კედლების ბოლოებში. ფართო, დიდებულ აფსიდას, რომელიხ სამი ფანჯრით არის განათებული, ქვემოთ, საკურთხევლის მთელ სიგრძეზე, შემოუყვება ოთხსაფეხურიანი დასაჯდომი, ცენტრში კი დგას შვიდსაფეხურიანი ტახტი.



საკურთხევლის ჩრდილოეთით მოთავსებულია სამკვეთო, ხოლო სამხრეთით-სალარო. ფართო და მაღალ ტაძარში სინათლე კედლებისა და გუმბათის ყელის ფანჯრებიდან შემოდის. ტაძარში მნახველის ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის აბსიდის კონქში წარმოდგენილი მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში, ოქროსფერ ფონზე, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მარჯვნინ და მარცხნივ მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. მოზაიკა ტაძრის არქიტექტურის თანადროულია.



ამ დროს ფერწერა ადგილს უთმობს შედარებით მოგვინო, ძირითად XVI-XVII საუკუნეებში შესრულებულ მხატვრობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა (XVI ს.), სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები. დავით აღნმაშენებელი გამოსახულია მარჯვნივ, მთელი ტანით, რომელასც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში-სიგელის გრაგნილი. ეს ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი, თუმცა გვიანდელი პორტრეტია დავით აღმაშენებლისა, რომელიც დამშვენებულია ასომთავრული წარწერით:

„დიდ მეფეთა შორის წარჩინებული აღმაშენებლის საუკუნოდმცა არს ხსენება დავით, ამინ“.



დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ევდმონ ჩხეტიძე (XVI ს.) ვინაობის აღმნიშვნელი წარწერით. მის გვერდით წარმოდგენილი არიან იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1584), მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი: თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი წარწერა.



ჩრდილოეთის სვეტზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსაფეხურიანი პატარა გუმბათოვანი ქვის ტახტი, რომლის კარნიზზე ვკითხულობთ: "მოიხსენე, უფალო, ტახტის ამის აღმაშენებელი მეფის ალექსანდრეს ძე, გელათელი მიტროპოლიტი იოსებ. ამას წელსა იყო ქრისტეს აქეთ ქრონიკონი ჩღ. (1760 წ.)".



ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან, დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ I (1751-1784). ტაძრის აქვს მინაშენები. ერთი მაგანი (სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან) აუშენებია დავითის შვილის დემეტრეს.

გელათის მონასტერი ითვლებოდა ქართულ მეფეთა საძვლედ. XII საუკუნიდან აქ მარხავდნენ საქართველოს მეფეებს, XV საუკუნიდან (საქრთველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ) - მხოლოდ იმერეთის მეფეებს.



ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფეს სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენებლი პარაკლისი, მემატიანის აზრით, თამარი დამარხულია გელათის მონასტერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: "თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო".

სამხრეთ-აღმოსავლეთი მინაშენის კედლები მოხატულია XII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ამ მხატვრობის უმნიშვნელო ნაშთებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი ხელმეორედ მოიხატა და ეს უკანასკნელი უკეთ არის შენახული. ამავე ეკვდერში წარმოდგენილია თამარ მეფის შვილიშვილის დავით ნარინის (1247-1289) ორი გამოსახულება, ერთი საერო, ხოლო მეორე-ბერის ტანსაცმელში.



ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭეში დასაფლავებულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ზაქარია ქვარიანი (გარდაიცვალა 1660 წ.) კარიბჭის კედლის მხატვრობა XII საუკუნისაა. აღმოსავლეთ კედელზე მოცემულია XV საუკუნის დასასრულისა და XVI საუკუნის დასაწყისის მხატვრობა-მეფე დედოფლის კურთხევა.



კარიბჭის აღმოსავლეთი ეკვდარის კედლები დაფარულია XVII საუკუნის ფრესკებით.

ტაძრის უძველესი მხატვრობა წარმოდგენილია დასავლეთის კარიბჭეში. აქ შემორჩენილია 1125-1130 წლების მხატვრობის ნაშთები. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება-უნიკალური XII საუკუნის ხელოვნებაში.



კარიბჭის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია ოთხსვეტიანი პატარა ეკვდარი, რომლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია იმერეთის მეფე ალექსანდრე III გიორგის ძე და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი (XVII ს.). კარიბჭეში დაკრძალული არიან XIX საუკუნის სასულიერო პირები.





წმ. გიორგის ეკლესია მთავრი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XVIII საუკუნეში აგებული წმ. გიორგის ეკელესია. ტაძრის გეგემა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებად იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა-მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია.

დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს კათილოკოსს ევდმონ ჩხეტიძეს ( XVI ს.). იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე. მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს.

ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენოლია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.

წმ.გიორგის ეკლესია თურქთა შემოსევის შედეგად დაზიანებულა 1510 წელს, მაგრამ იგი ბაგრატ III მალე განუახლებია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გელათში დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო კათედრის გადმოტანა.





წმ.ნიკოლოზის ეკლესია. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა ფუნქციონალურად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის – შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.



სამრეკლო. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი-შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ, ღია თაღებით შეკრულ, სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილბით შედიოდა ყველა პალატასა და სადგომში.



დავით აღმაშენებლის საფლავი: მთავრი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრ ძელი ნაგებობაა, საიდანაც წინათ ხალხი მონასტერში შედიოდა. ამ შენობაში დაკრძალულია დავით აღმაშენებლი. საფლავს ზემოდან უზარმაზარი ქვა ადევს წარწერით : ,,ესე არს განსუანსველებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე''.

მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლების ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია.

არის გადარჩენილ ნახევარზე არაბული წარწერაა, სადაც აღნიშნულია შემკვეთი, ოსტატი და დამზადების თარიღი (1063 წ.).



აკადემიის შენობა. XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება მჭიდროდ არის დაკავშირებული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასთან. კერძოდ, გელათის მონასტერისა და აკადემიის დაარსებასთან. მემატიანე მოგვითხრობს: "დავითმა შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა... იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანა და დაამკვიდრა". ე.ი. მან შეკრიბა სწავლულნი და მოიწვია გელათში სამოღვაწეოდ, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ნიჭითა და ზნეობრივი სიფაქიზით. გელეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. მემატიანე გელათის სამეცნიერო დაწესებულების შესახებ გვამცნობებს: "გელათი არს აწ წინამდებარე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა".



გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიოსის, პროკლე დიადოხოსის, ნემესიოს ემესელის თხუზულებანი, არსენ იყალთოელის მიერ "დიდი სჯულის კანონი" და სხვა. აკადემიაში ისწავლებოდა: არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და მუსიკა. აქ არსებობდა ობსერვატორია, საიდანაც დაკვირვებას აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე. გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. საკმარისია დავასახელოთ XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული. გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის 20-იან წლებამდე.



აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტალზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე -10. თავის დროზე იგი გადახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომელიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთის შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა, წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას. სამხრეთ დასავლეთის შესასვლელთან კიბე ეშვება კედელზე დაფუძნებული ვესტიბიულისაკენ. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული შენობის ფასადი, რომელიც გამაგრებულია ნახევრადმრგვალი გამოშვერილი კონტრფორსებითა და მრავალრიცხოვანი თაღოვანი ფანჯრის მწყობრი რიგით, დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.



გელათის მონასტრის გალავნის გარეთ, მთის ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ისინი ისტორიულად და ფუნქციონალურად უკავშირდებიან გელათის მონასტერს. აქ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მონასტრის აღმოსავლეთით მაღლობზე მდებარე შენობის ნანგრევები, რომელიც მონასტერის სახელწოდებითაა ცნობილი. მკვლევარები მონასტერის მიდამოებში ვარაუდობენ ქსენონის არსებობას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის მონასტრის გალავნის გარშემო არის აგრეთვე საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა.



გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართული ერის კულტურის საგანძურში.





მოწამეთას მონასტერი



მოწამეთას მონასტერი ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული. ყოველი წლის 15 ოქტომბერს მათი სახელის ხსენების დღეს აქ უამრავი მორწმუნე მოდის.



გეგუთის სასახლე



გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000 კვ.მ. უჭირავს. კომპლექსის ძირითადი ნაწილი XII საუკუნის არის, თუმცა VIII - XI საუკუნეების სამშენებლო ფენებიც დადასტურებულია. სასახლეს ჰქონდა თავისი ეკლესია. გეუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.



უბისის მონასტერი



უბისის მონასტერი დაარსებულია IX საუკუნეში და უკავშირდება გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის სახელს. კომპლექსის ძირითადი ნაგებობა წმინდა ეკლესია (IX ს.), ოთხსართულიანი კოშკი, მესვეტის სამყოფელი (XIIს.). ძველი გალავნის ნაშთი, სამრეკლო და სხვა. უბისის მონასტერი აგრძელებს ქართული მონუმენტური მხატვრობის საუკეთესო ტრადიციებს: დახვეწილობას, სინატიფეს, ფერთა შეხამებას.



კაცხის ტაძარი



კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. კაცხის ტაძართან არსებობდა მონასტერი, რომელიც XVIII–XIX სს.-ში თავად აბაშიძეების საკუთრებას და საძვალეს წარმოადგენდა. კაცხის ტაძარი არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია.