მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

განათლება და კულტურა

მხარეში ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
– სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– შპს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერისტეტი;
– შპს სამედიცინო ინსტიტუტი ,,ქუთაისი”;
– სსიპ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– სსიპ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილიალი ქუთაისში;
– სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფილიალი ქუთაისში;
– შპს სოხუმის აკაკი ჩხარტიშვილის სახ. ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (ზესტაფონი)
და სხვ.
ეკონომიკაში დასაქმებულთა შორის უმაღლესი განათლება აქვს 36,9 ათ. კაცს, პროფესიული – 67,7 ათ.
კაცს, ხოლო სრული ზოგადი განათლება – 18,6 ათ. კაცს.