მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

იმერეთის მხარის განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა

ქუთაისი



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 26 მაისის ¹39 ბრძანებით შეიქმნა ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებსა და განათლების სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შემსწავლელი კომისია ბატონ გოჩა ჩხეტიას თავმჯდომარეობით. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად მივიღებთ, რომ ქუთაისში 54 საშუალო სკოლის ნაცვლად იქნება 39 ოპტიმიზირებული სკოლა, მოხდება ქუთაისის ლიცეუმების საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სტატუსის დადგენა, ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლების განტვირთვა ხელს შეუწყობს გარე უბნების მცირე კონტიგენტიან სკოლებში მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდას, ოპტიმიზირებულ 39 სკოლაში მოხდება სასკოლო ბიუჯეტების მიზნობრივი ხარჯვის ეფექტურობის ზრდა. კომისიის მიერ შემუშავებული ქუთაისის სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების პრეზენტაცია შედგა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრაზე. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი და როგორ განვითარდება ქუთაისის განათლების სისტემაში მოვლენები, ცნობილი იქნება ალბათ უახლოეს დღეებში მინისტრის ბრძანების მიღებისთანავე.



ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასკოლო პროცესებში უხეშმა ჩარევამ კონსტიტუციასთან და საგანმანათლებლო სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამო ადგილობრივი ნორმატიული აქტების გამოცემით მიგვიყვანა გაურკვეველი საკანონმდებლო სტატუსისა და ასეთივე საგანმანათლებლო შინაარსის მქონე ლიცეუმებისა და გიმნაზიების მიღებამდე, საბიუჯეტო თანხების ეკონომიურად გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ ზრდამდე (1993 წლიდან სკოლების რაოდენობა ქუთაისში 14 ერთეულით გაიზარდა, მაშინ, როცა მოსწავლეთა რაოდენობა 7 000 ერთეულით შემცირდა; თუ სახელმწიფოს ერთი მოსწავლის დაფინანსება უჯდებოდა დაახლოებით 270 ლარი ლიცეუმებში ეს თანხა შეადგენდა 394 ლარს).



როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების მინისტრის 1994 წლის 4 თებერვლის ¹29 ბრძანებით ქუთაისის ლიცეუმები ფინანსდებოდა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილებები; ამ უკანასკნელით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლობამოსილების განსახორციელებლად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღებული სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების სქემის გამარტივებას სასკოლო ბიუჯეტების პირდაპირ სასკოლო ანგარიშებზე მიმართვის მეშვეობით, მიზანშეწონილია ქუთაისის განათლების სფერო მთლიანად იქნეს დაფინანსებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.


რაიონები



იმერეთის სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებათა

რაოდენობა და პროფილი

იმერეთის მხარის 11 რაიონში ამჟამად 660 სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაა, მოსწავლეთა აღზრდას კი ემსახურება 7937 პედაგოგი.

მიმდინარე წელს ყველა რაიონში გაცემულია მასწავლებელთა ხელფასები; რაც შეეხება წინა წლების სახელფასო დავალიანებებს, ეს პრობლემა მოგვარებულია ზესტაფონის, სამტრედიის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მეშვეობით. დანარჩენი რაიონების გასული წლების სახელფასო დავალიანებები შეადგენს 1 471 800 ლარს: თერჯოლა _ 72 000 ლარი; ხონი _ 228 300 ლარი; ბაღდათი _ 26 500 ლარი; ჭიათურა _ 260 000 ლარი; საჩხერე _ 80 000 ლარი; ხარაგაული _ 150 000 ლარი; ვანი _ 655 000 ლარი. თუმცა ამ რაიონების ხელმძღვანელების ინფორმაციით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა სახელფასო დავალიანებების ნაწილობრივ დაფარვა, ხოლო დარჩენილი დავალიანებების დაფარვა მოხდება უახლოეს მომავალში.



რაიონების განათლების განყოფილებებმა დაასრულეს მუშაობა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისათვის სასწავლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოსაყალიბებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისათვის და შერჩეული სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენისათვის.



ახალი სასწავლო წლის ორგანიზებულად დაწყების მიზნით თითქმის ყველა რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად, სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რომლის მიზნობრივი განკარგვის მონიტორინგს ახდენს რაიონების განათლების განყოფილებები. აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, ტყიბულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, საჩხერის რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ჩაუტარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები სოციალური ინვენსტიციების ფონდის, ს.ს."ფეროს", ადგილობრივ ქველმოქმედთა და სხვა ორგანიზაციათა დაფინანსებით. რაიონების განათლების განყოფილებების მხრიდან გარკვეული მუშაობა იქნა გაწეული სკოლების განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის, ბევრ სასწავლო დაწესებულებას მიღებული აქვს გრანტი, რომლის მიზნობრივი გამოყენება კონტროლდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. მიუხედავად ამისა, საერთო მდგომარეობა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მხრივ მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. გადაუდებელ კაპიტალურ რემონტს საჭიროებს სასწავლო დაწესებულებათა დაახლოებით 20-30%. უმძიმეს მდგომარეობაშია მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლები, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და სასკოლო ინვენტარით შევსება კვლავ პრობლემად რჩება, რის გამოც საჩხერისა და ტყიბულის რაიონების 8 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას მუშაობის გაგრძელება ისევ სკოლისათვის შეუფერებელ შენობებში მოუწევთ.



მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო მიმდინარეობს მუშაობა რაიონების სასწავლო დაწესებულებების რეორგანიზაციის პროექტსა და საგანმანათლებლო ქსელის ოპტიმიზაციის კონკრეტულ გეგმაზე, რის შედეგადაც მოსალოდნელია ვანის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონების სასწავლო დაწესებულებათა რაოდენობის 11 ერთეულით შემცირება.